logo
ENG


ზურაბიშვილი: ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებელია მიითვისოს სპორტსმენების გამარჯვებები
  • 308ნახვები

გათავისუფლდეს უნდა სასამართლო სისტემა - სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩვენი ყველა მოქალაქის მოთხოვნაა. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოს წნეხისა და გავლენებისგან გათავისუფლების გარეშე, ეს ვერ მიიღწევა. ყველამ იცის, რომ სასამართლო ევროპული სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ძირითადი ქვაკუთხედია.

ევროპული გზა ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის გათავისუფლებაა, კანონმდებლობა და სასამართლო კი, ამ გათავისუფლების იარაღი. თუ არ არსებობს სამართლებრივი სივრცის ნდობა, მაშინ ვერც სტაბილურობა იქნება და ვერც გრძელვადიანი ინიციატივა, თუ ინვესტიცია.

სამაგიეროდ, ევროპული კანონმდებლობა იცავს ბიზნესს ყოველგვარი არაკანონიერი, თუ პოლიტიკური ჩარევისგან, აჯანსაღებს მთლიანად ბიზნესგარემოს და იძლევა ახალი პოტენციალის გამოჩენისა და ზრდის შესაძლებლობას. მარტივად რომ ვთქვათ, არავინ დაგიბარებთ თქვენი წილების ვინმესთვის დასათმობად, ან სხვა ხარკის გადასახდელად. გათავისუფლებულ ქართულ ბიზნეს რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად.

სოციალური გარანტიებით უნდათ მოქალაქეებს გათავისუფლება - ევროპულ სოციალურ კანონმდებლობასთან დაახლოება საქართველოს მოქალაქისთვის ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი, ოჯახური, სამსახურებრივი და საზოგადოებრივი სივრცე იქნება დაცული, რაც ადამიანის ღირსების დაცვის უპირველესი ნიშანია. გათავისუფლება უნდა ეხებოდეს საჯარო სამსახურს - თავისუფალი საჯარო სამსახური ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ემსახურება სახელმწიფოს და არა პირად ინტერესებს, გავლენებსა და პარტიულ დიქტატს. სწორედ ესაა ის, რაც ევროპას უდევს საფუძვლად. მთავრობები, მმართველი პარტიები მიდიან და მოდიან, არავინ ერევა ცალკეული საჯარო მოხელეების საქმიანობაში, არავინ ავალებს, ან უკრძალავს მათ სადმე მისვლას, ან არ მისვლას, რამის თქმას და ა.შ; იცვლება პოლიტიკური სპექტრი, საჯარო მოხელე რჩება და მის ხელშია პოლიტიკის თანმიმდევრულობა, სტაბილურობა და სახელმწიფო, თუ ადმინისტრაციული მეხსიერება.

შიშისგან და რევანშიზმისგან გათავისუფლებული საჯარო მოხელე ქვეყნის მომავლის საუკეთესო საყრდენია. გათავისუფლებული კულტურა არის ასევე ერთ ერთი ნიშანია თავისუფლებისა, რამეთუ თუ არ არის თავისუფლება, არც კულტურა არ არის. ჩვენი კრეატიული შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა საქართველოს. თავისუფალი საქართველო დღესაც იპყრობს მსოფლიო სცენას, გალერეებს, ლიტერატურულ სამყაროს. მაგრამ ამ მიმართულებით მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და მეტი თავისუფლება არა ცენზურა და შევიწროება. ეს არის ის დარგი, რომელშიც საქართველოს ნამდვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას და ღირსეულად დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი.

არავინ აღარ და აღარასოდეს არ უნდა ჩართოს თავისუფალი სპორტსმენი პოლიტიკის მორევში. ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებელია მიითვისოს სპორტსმენების გამარჯვებები, მიისაკუთროს მათი მედლები და წარმატებები და ეს ყველაფერი ვითომცდა მმართველი გუნდის დამსახურება იყოს. ეს მათი გამარჯვება კი არა - სპორტსმენებისა და მათთან ერთად, მთლიანად ქვეყნის გამარჯვებაა, ამიტომ ვიზიარებთ ყველა სიხარულსა და სიამაყეს, როცა ისინი საქართველოს დროშასა და ჰიმნს წარადგენენ მთელი მსოფლიოს წინაშე.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა