logo
ENG


ზურაბიშვილი: ომი უკრაინაში გამოწვევაა დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს
  • 348ნახვები

800 დღეზე მეტია, რაც უკრაინელები წინ აღუდგნენ და მამაცურად იცავენ თავს რუსეთის ბრუტალური აგრესიისგან, რომელმაც წარმოუდგენელი ტანჯვა, ნგრევა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვა გამოიწვია. 800 დღეზე მეტია, თითოეული ჩვენგანი შთაგონებულია უკრაინელების უშრეტი თავდადებითა და თავგანწირვით.

არ დავივიწყოთ, რომ ეს ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს, ის გავლენას ახდენს მთლიანად ევროპის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე და იმ ძირეულ იდეალებზე, რომელზეც საერთაშორისო თანამშრომლობისა და მშვიდობის ჩვენი გაგებაა დაფუძნებული. ჩვენ ურყევი უნდა ვიყოთ ამ ქმედებების დაგმობაში და მტკიცენი უნდა ვიყოთ მშვიდობის მხარდაჭერაში. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს არის ბრძოლა დემოკრატიის პრინციპების, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისათვის. სამწუხაროდ, ქართველებისთვის უცნობი არ არის უკრაინელების ეს განსაცდელი. საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია, რაც 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს.

ჩვენ დღესაც განვიცდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისგან მიყენებულ ჰუმანიტარულ ზიანს. ნათელია, რომ ომი უკრაინაში არ არის იზოლირებული კონფლიქტი, ის მეზობლების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებაა. სწორედ ამ მიზეზით ვცდილობთ ვიპოვოთ და მოვიპოვოთ გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ევროპის სასიკეთო მომავლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ასევე, ყველა ტერიტორიულ კონფლიქტსა და ოკუპაციაზე, როგორებიცაა საქართველოსა და მოლდოვაში.

უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველას დაანახა ევროპის მნიშვნელობა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი დისკუსიები გრძელვადიან მშვიდობას ჩაუყრის საფუძველს. ომი უკრაინაში თითოეული ჩვენგანისთვის ქმედებისკენ მოწოდება და გამოწვევაა, ვიდგეთ ერთად, სოლიდარობით დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს და ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს. ჩვენი ერთად დგომით კი, მშვიდობა და სამართლიანობა გაიმარჯვებს.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა