logo
ENG


ბოკუჩავა სანქციებზე: გაფრთხილებაა, რომ ხალხზე ძალადობა მკაცრად ისჯება მეგობრებისგან
  • 241ნახვები

ეს არის მკაფიო გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება ძალიან მკაცრად, მათ შორის ფინანსური სანქციებით.

ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები ძალიან კარგად ვიცით, რომ დასავლეთშია და მასზე მსგავსი სანქციების დაწესება აშშ-ის მხრიდან არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს დაუდგეს.

ეროვნული ბანკის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, არ დაემორჩილოს ამგვარ ფინანსურ სანქციებს დააყენებს მთელს ჩვენს ფინანსურ სისტემას უდიდესი საფრთხის წინაშე, ასე რომ, ივანიშვილმა უნდა გაიაზროს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი მტრის წინაშე არ იხდის ბოდიშს, ასევე უნდა გაიაზროს, რომ მისი პირადი გადარჩენის, მისი ფინანსების გადარჩენის ერთადერთი შანსი არის 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.

26 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და ქართველი ხალხის არჩევანი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის არჩევანი იქნება არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის და ქართველი ხალხი უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც გააკეთებს ქართველი ხალხი, რომელიც 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა გაფორმდეს.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.



ასევე ნახეთ
close დახურვა