logo
ENG


პრეზიდენტი: ნუ შეშინდებით, დაველოდოთ თქვენ მიერ დადებულ შედეგს ქვეყნის მომავლისთვის
  • 324ნახვები

ვინც ჯერ არ მისულა უბანზე, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ მიხვიდეთ. მერე არ ინანოთ, რომ მე არ მივიღე მონაწილეობა ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაშიო. დღეს არის ეს დღე და ვისაც აქვს სურვილი, მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, დღეს უნდა მიხვიდეთ, ახლა და აქ, სხვა დრო აღარ იქნება - თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და მომავალი საქართველოსთვის.

მინდა, უცხოეთში მყოფ ჩვენს ემიგრანტებს გავიხსენო ის, რომ 8 საათზე, ვინც რიგში იქნება და როგორც ვხედავთ, ბევრი ადამიანი იქნება რიგში, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ, რომ კომისიიდან გამოვიდეს ადამიანი, რომელიც რვა საათამდე ვინც რიგში დგას, ყველას ჩაწერს და ყველამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ვინც მივა რვა საათის მერე, უკვე აღარ [მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას]. ეს თქვენი უფლებაა, თქვენი დასაცავია.

ასევე, მინდა ადამიანებს ვუთხრა, ვინც შეიძლება, რაღაცნაირად შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ, რომ უკვე მოვიგეთო, რაღაცა სცენას გავმართავთო და გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის ადმინისტრაციაში. არ შეშინდეთ, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა თქვენზე და პასუხი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რა არის? - თვითდაჯერება, არჩევნებზე მისვლა და შედეგების დალოდება.

მე არ ვაპირებ, რომ აქ რამე სცენა გავმართო, არ ვაპირებ, რომ წინსწრებით რამე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები, როგორც ევროპელი, როგორც ქართველი და როგორც ღირსეული ქართველი შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ, როცა დრო მოვა ამ შედეგებს.

 ასე, რომ ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ - დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა