logo
ENG


მიქელაძე: საარჩევნო სამართლიანობა თუ დავკარგეთ, არაფერი აღარ იქნება მომავალში
  • 459ნახვები

ჩემი აზრია, რომ არჩევნების გაყალბებაზე ყველა არგუმენტი, მტკიცებულება, პატერნი, რომელიც სადამკვირვებლო მისიებს და პარტიებს აქვთ, უნდა გაანალიზდეს ერთობლიობაში.

გადამოწმების ამ პროცესში 1. ხელისუფლება ვალდებული უნდა იყოს გასცეს ყველა მონაცემი და ინფორმაცია, რომელიც შეფასებისთვის არის მნიშვნელოვანი და 2. გადამოწმების ეს პროცესი უნდა წარიმართოს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების აუდიტისა და მონაწილეობის გზით.

რეალურად უნდა დავინახოთ, რა მასშტაბის მანიპულაციასთან გვქონდა შეხება და როგორ მივიღეთ ის აბსურდი, როცა 12 წელი ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ პრაქტიკულად იგივე შედეგები მიიღო, რაც 2012 წელს.

მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ არჩევნების ლეგიტიმურობაზე და ჩვენი პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკური კლასის და საზოგადოების დიაგნოზებზეც.

სადამკვირვებლო მისიები ძალიან მძიმე დარღვევებზე უთითებენ: 1. მასშტაბურ "კარუსელებზე" (რაზეც მეტყველებს მარკირების წესის მასობრივი დარღვევა, ერთი და იგივე პირის მიერ ხმის მიცემის შემთხვევები; პასპორტებით ხმის მიცემის მასობრივი შემთხვევები, რომელიც სისტემაში ვერიფიკაციას ვერ გადის; სიების დუბლირების შესახებ ძალიან მაღალი ეჭვები); 2. გაზრდილ სპეციალურ სიებზე; 3. ფარულობის პრინციპის მასობრივ დარღვევაზე (კამერების დამონტაჟება უბნებზე, ბიულეტენის ხარისხი (უკნიდან პრაქტიკულად ჩანდა ვინ გააფერადე); 4. პირადობის მოწმებების ჩამორთმევის მასობრივ შემთხვევებზე არჩევნებამდე; 5. მასობრივ ძალადობრივ ინციდენტებზე; 6. ამომრჩევლის ნების მასობრივ კონტროლზე უბნებთან ახლოს. 6. დამკვირვებლების მიმართ ძალადობისა და არა ერთი უბნიდან გამოძევების შემთხვევებზე.

საარჩევნო სამართლიანობა თუ დავკარგეთ, არაფერი აღარ იქნება მომავალში. ამით გატყდა დემოკრატიები რუსეთში, ბელორუსში, აზერბაიჯანში და ა.შ.

ამიტომ პარტიები ვალდებულები არიან ჩვენი ხმები დაიცვან. ახლა თქვენი დროა. ამას ახლა სჭირდება სერიოზული ანალიტიკური და საგამოძიებო მუშაობა. მტკიცებულებების შექმნა და მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მოდით, მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ პოლიტიკურ საკითხებზე: უნდობლობის მიზეზებზე, ჩვენი საზოგადოების მოწყვლადობასა და ტრავმებზე, დაბალ განათლებაზე და პოლიტიკურ კულტურაზე, ქართულ ნაციონალიზმზე, პარტიული სტრატეგიების შეცდომებზე და ა.შ.

წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორი თამთა მიქელაძე ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა