logo
ENG


პრეზიდენტი: დღეს ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია, მეცოდებიან
  • 617ნახვები

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდებიან პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნია. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები, რომლებიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი მისალმების თუ დაჩოქების.

არ მეცოდებით თქვენ, ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, მაგრამ ძალიან მალე ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც დღევანდელ პარლამენტშია ასახული, დამთავრდა და საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში. ძალიან მალე დადგება ახალი არჩევნების დრო, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არაკალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის. ,ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არაა, რომ ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობაა მომზადება, თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი ყველას ერთად.

მე როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე ყოველ ჯერზე, გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, რას ვაკეთებ და როდის დავბრუნდები, მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის.

აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში, სადაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის შეკრებას ეხმაურება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა