ფულის მკეთებლად არ უნდა გადავიქცეთ, ფულის კეთება შესაძლებელი იქნება მერეც, თუ სისტემის ნაწილი გახდები, ვინაიდან რუსეთშიც აკეთებენ ფულს. ნამდვილი ბიზნესის შენება კი შეუძლებელი გახდება
გამოსავლისთვის მთავარი ალბათ არის სიტუაციის ჩაცხრობა და კონსენსუსი. ამისთვის გარკვეულმა ადამიანების ჯგუფმა ან ერთმა ადამიანმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როგორ? ალბათ უნდა დაინახოს რაღაც ძალა, რომ წავიდეს კომპრომისზე. ეს ძალა უნდა იყოს მათ შორის ბიზნესმენები და საზოგადოება. ხმა უნდა ამოიღოს ყველამ, გაბედული ადამიანები გვჭირდება. ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ სიმამაცე და წინა პლანზე წამოვწიოთ, ვინაიდან ყველა ბიზნესი უკან დაგვრჩება.
ვუყურებთ კადრებს, რა ხდება ბოლო პერიოდში, სიძულვილი, შიში.. თუმცა ძალიან კარგია რომ ბევრი გაბედული ადამიანი ქუჩაში გამოდის. აქაც გაბედული ადამიანები სხედან [სტუდიაში]. ეს კარგია.
რამ მიგვიყვანა აქამდე? - ალბათ იმან, რომ ვიყავით გაჩუმებულები, ჩვენში ეს საბჭოთა მენტალიტეტი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვენ ვთვლით, რომ ვიღაც ზემოთ იქნება და ჩვენ თუ ჩვენი ადგილი გვეცოდინება, ბიზნესი იქნება ხელშეუხებელი. ამას მიგვაჩვიეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ბიზნესი ყველაზე ადვილად დასაჩაგრად და მოწყვლად ჯგუფად იქცა. ეს ყველაში გამჯდარია, რომ ხმა არ უნდა ამოიღო და არ უნდა გააპროტესტო, მოქალაქეობრივი პოზიცია არ უნდა დააფიქსირო.
გამოსავალი, ჩემი აზრით, არის ის, რომ, პირველ რიგში, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ თუ ჩვენ დღეს ყველა არ დავდექით რაღაც დონეზე, შეიძლება დავკარგოთ ყველაფერი. ამ ქვეყანაში საერთოდ ცხოვრებაც კი შეუძლებელი გახდეს. ჩვენს კომპანიაში ახალგაზრდები მუშაობენ და ყველა არის გაქცევაზე. დადიან აქციებზე, იბრძვიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ თუ არაფერი შეიცვალა, უნდა გავიქცეთო. ეს ძალიან დამთრგუნველია. მე ყველას ვემუშავები და ვეუბნები, რომ აქ უნდა ვიბრძოლოთ ყველამ რომ უკეთესი გარემო შევქმნათ.
განაცხადა ნუტრიმაქსის მმართველმა პარტნიორმა, ბექა ბექაიამ, ბიზნესის კვირეულის ეთერში, სადაც ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა.