დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება.
მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება შაბათს, 14 დეკემბერს და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები. თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ასევე ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა და რა თქმა უნდა, პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან, ყველა პირობა იქნება შექმნილი ამისთვის.
სამწუხაროდ, არიან ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ, თუმცა მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ასე რომ, ერთად ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ ჩვენი სამშობლოს გამარჯვებები.
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ზე LIVE-ის დროს.