logo
ENG


ხოშტარია მელაშვილი-ილიჩოვას სასამართლოზე: გაჟღენთილი იყო იქაურობა უსამართლო აბსურდით
  • 1196ნახვები

სახლში შემოსვლისთანავე რაღაც სიმშვიდეს ხომ გრძნობ ადამიანი? აი, თითქოს ცდილობ, გარეთ დატოვო ნეგატიური ემოცია. დღეს რომ შემოვედი მივხვდი, შეუძლებელია დატოვო ის განცდა, რომ ის ორი უდანაშაულო ადამიანიც ახლა სახლში უნდა იყოს და არ არის. პირველი ღამე აქვთ ციხეში. წარმოვიდგინე რა სახით იყურებიან, ან რას გრძნობენ მათთვის სრულიად უცნობ, უცხო და მათთან არანაირ კავშირში მქონე პროცედურები რომ უნდა გაიარონ? რადგან ციხეში ნამყოფი ვარ დაახლოებით ვცდილობ წარმოვიდგინო გარემო და მათი ემოცია.

ეს განცდა კიდევ უფრო გამიმწვავდა იმიტომ, რომ დღეს სასამართლოზე როცა ივერი ლაპარაკობდა, ვუყურებდი ნატალიას, რომელიც ძალიან შეუმჩნეველი ჟესტებით, ხან შეხებით, ხან გახედვით ცდილობდა ივერის გამხნევებას და თან თვალებში შესციცინებდა მის ვაჟკაცობას. ხოდა, მთელი ეს სცენა იყო: რა შუაშია ეს ხალხი აქ, ამ სკამზე, ამ ბადრაგთან, ამ აბსურდში? აი, გაჟღენთილი იყო იქაურობა ამ უსამართლო აბსურდით. ხოდა, კიდევ მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ, 37 წელს როგორ ხდებოდა ამდენი ხალხის დაჭერა? ვინ იჭერდა, ვინ ასრულებდა, ვინ "აპრავებდა"? ხომ ხედავდნენ რომ აბსურდი იყო, ეს ხალხი ხომ ამ პატარა ქვეყანაში გვერდი-გვერდ ცხოვრობდა მაინც, ხვდებოდნენ კიდეც სადღაც ერთმანეთს. და როგორ წირავდენ ესე? რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სრულიად წარმოსადგენია ეს ყველაფერი. შავზე თეთრს რომ გიმტკიცებენ და გარშემო რომ ვითომ არ იმჩნევენ. ვერ შედგება ეს სახელმწიფო, ვერ ვიცხოვრებთ მშვიდად, სანამ ამ საშინელ უკვე გამჯდარ ტრადიციას არ მოვისვრით

ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ Facebook-ზე დაწერა. საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა