logo
ENG


უსუფაშვილი: ყველა ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ, გამოსავალი არჩევნების ვადებზე შეთანხმებაა
  • 730ნახვები

პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი - მართლებიც და მტყუანებიც - ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ. გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს - დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ... ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება.

ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. გუშინ, 8 ნოემბერს, პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. მოგვიანებით, მოქალაქეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. მომხდარის შედეგად დაშავდნენ ჟურნალისტები და მოქალაქეები. ოპოზიციამ მომდევნო აქცია დღეს, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დააანონსა.


ასევე ნახეთ
close დახურვა