logo
ENG


დეკანოზი ლომიძე მეუფის iPhone-ზე: ამ ვნებას საერთო არ აქვს ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან
  • 876ნახვები

ეპისკოპოსის და iPhonis-ის თემაზე უნდა გითხრათ ორი სიტყვა (სირცხვილიც კია, რაზე გვიწევს ლაპარაკი). პავლე მოციქული ვინ არის, ყველას გაგიგიათ. ახალი აღთქმის 27 წიგნიდან ნახევარზე მეტი ანუ 14 წიგნი მას ეკუთვნის, იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი მოციქული და მასწავლებელია ჩვენი რწმენისა. ებრაელთა მიმართ მისი ეპისტოლე სიდიდით მესამეა მის წიგნებში, 13 თავია. მასში პავლე ქრისტეს მორწმუნე ებრაელებს უხსნის თუ რამდენად აღმატებულია იესო ქრისტე და მისი ახალი რჯული მოსეს რჯულზე და ძველი აღთქმის მამამთავრებზე. საინტერესო ამ ეპისტოლეში ისაა, რომ პავლე საკუთარ თავს ანუ ავტორს არ ახსენებს, არ კადნიერდება საკუთარ თავს მოციქული უწოდოს, რადგან იესო ქრისტეზე ლაპარაკობს და ყველაფერი ჩრდილში ინაცვლებს მის წინაშე. პავლეს მოციქულობა ხსენების ღირსიც არაა, რადგან ქრისტეა ჩვენი მოციქულიც და მღვდელმთავარიც: "... დაუკვირდით მოციქულსა და მღვდელმთავარს ჩვენი აღსარებისას, ქრისტე იესოს..." (ებრ. 3,1) - წერს იგი. გესმით? პავლე, როცა ქრისტეზე ლაპარაკობს, არათუ პირად სურვილებს, საკუთარ მოციქულობასაც კი არ ახსენებს. ასევე ვიცით, რომ პავლე ხელობით მეკარვე იყო და კარვების ქსოვით ირჩენდა თავს. არსად, არცერთ წერილში არ ახსენებს არც თავის საერო პროფესიასთან დაკავშირებულ ინტერესებს, არც კარვებს, არც ნემსებს და არც სხვა ხელსაწყოებს. რა საქმე აქვს ამ ყველაფერს ქრისტესთან და მისი წმინდა მოძღვრების ქადაგებასთან? ისიც ვიცით, რომ თვალები აწუხებდა პავლეს, თვითონ წერა უჭირდა და მის ახალგაზრდა მოწაფეს, ტერციუსს ან ტიმოთეს (რომ. 16,22) ჰკარნახობდა ხოლმე ამა თუ იმ ეკლესიის მიმართ წერილს. გალატელებს როცა სწერდა, დამხმარე გვერდით არ ჰყავდა, მაგრამ იმდენად საჩქარო იყო გალატიის ეკლესიის სულიერი პრობლემა (გადაუხვიეს ქრისტეს რჯულს), რომ დაჯდა და იმ სნეული თვალებით, თავის ხელით დაწერა წერილი გალატელებისთვის. ეს წერილი დიდი არაა სხვებთან შედარებით, სულ 6 თავია (რომაელთა 16 თავია, კორინთელთა 15 და ა.შ.), მაგრამ ეტყობა იმდენად გაუჭირდა წერა, რომ ბოლოს ამბობს: "ხედავთ, რამხელა წერილი მოგწერეთ ჩემი ხელით" (გალ. 6,11).

ეს უბრალოდ ასეა, სხვაგვარად ვერ იქნება. არ მართლდება საერო საქმეების სიყვარული სასულიერო პირისგან და უხერხული ღიმილით ნათქვამით: "მღვდელიც ადამიანია". ვერავინ ვერასდროს გაამართლებს ამ ვნებებს. თუ სასულიერო პირები ქრისტიანობის ქადაგების მაგივრად შევუდგებით პოეტობას და ეგზალტირებულ ლექსაობას, საერო სიმღერებს, მოდურად კოხტაობას და საკუთარი ფოტოებით კეკლუცს, თუ ავტომობილების, ტელეფონების თუ სხვა მატერიალური ნივთების, ტექნიკური სიხლეების თუ ფუფუნების საგნების სიყვარული შეგვიპყრობს და უფრო უარესი: რომც გვძლიოს და დაგვიმონოს ამ ვნებებმა, თუ ისე დავბრმავდებით და გავირყვნებით, რომ ამის საჯაროდ გამოჩენას აღარ მოვერიდებით, არასოდეს იქნება ეს მართებული და არ ექნება ამას გამართლება ღმერთისა და ხალხის წინაშე. ეს ვნებები არ შეეფერება არც ეპისკოპოსს, არც მღვდელს, არც დიაკვანს და არც პატიოსან ქრისტიანს. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან, რისთვისაც, ამ ე რ თ ა დ ე რ თ ი ს თ ვ ი ს მოწოდებულია მღვდელი

ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ Facebook-ზე დაწერა. მეუფე ნიკოლოზმა iPhone-ს შესახებ რამდენიმე თვის წინ დაიწყო საუბარი, მისი თქმით, ტელეფონი ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით უნდა. გარდა ამისა, მან ისაუბრა, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი არ აქვს, რადგან უკვე 12 გამოვიდა, ამის შემდეგ ერთერთმა მაღაზიამ მისთვის ბოლო მოდელის iPhone-ს ჩუქების სურვილი გამოთქვა და დღეს უკვე ოფიციალურად გადასცა.



ასევე ნახეთ
close დახურვა