logo
ENG


სააკაშვილი: ელჩებზე თავდასხმა უაზრობაა, თუმცა მოწამეობრივ ფიგურაზე ღადაობას არ მოვითმენთ
  • 998ნახვები

ამერიკის ელჩზე ან ნებისმიერ სხვა ელჩზე თავდასხმა უაზრობად მიმაჩნია, იმ გაგებით, რომ ისინი არიან თავიანთი ქვეყნის პოლიტიკის მაწარმოებლები. ჩვენი ქვეყანა იმდენად "გააპუსტიაკა" ივანიშვილმა, რომ იმდენად ქვემოთ დაწია, რომ როდესაც ჩვენ ვიყავით მნიშვნელოვანი, მე შემეძლო ნებისმიერ დროს ამეღო ყურმილი, დამერეკა პრეზიდენტთან, ვიცეპრეზიდენტთან და მარტო ჩვენს საკითხებზე კი არ ვრეკავდი, უკრაინის, ბელარუსის, შუა აზიის და კუბის საკითხებზეც კი. 

ახლა ჩვენ ვმსჯელობთ საელჩოს რომელიმე განყოფილების მოადგილემ რა თქვა იმიტომ, რომ იმის ზემოთ ვეღარ ავდივართ. ჩვენ დაგვწიეს ამ დონეზე. ამიტომ ჩვენ უცხოელებში კი არ უნდა ვეძებოთ პრობლემა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემა იმაში, რომ საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. 

რაც შეეხება არჩევნების შედეგებზე რეაგირებას, პრაქტიკულად, კელი დეგნანმა რაც თქვა, ყველაფერი სწორად თქვა, რომ იყო ხმების მოსყიდვა, იყო დაშინება. ყველაფერი თქვა ამ ქალმა. თუ ჩვენ თვითონ არ ვმობილიზდებით, ჩვენ რა გვინდა, რომ ვიღაცა მოვიდეს და ჩვენ მაგივრად გადაწყვიტოს ჩვენი პრობლემები? ეს არ მოხდება. 

რაც შეეხება გერმანიის ელჩს, გერმანია არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილი საქართველოს ისტორიულ პერსონებზე ლაპარაკისას. გერმანიას თავისი პრობლემები აქვს, თავის ისტორიასთან მიმართებით, არ მგონია, რომ მისი გასარჩევი იყოს სარკასტულ ტონში მოწამეობრივი ფიგურა და დიდი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თავი გაწირა სწორედ იმის გამო, რომ საქართველო არ გაეყიდა.

ასეთ საკითხებზე თამაშს და "ღადაობას" ჩვენ არ მოვითმენთ და ამას უნდა ამბობდეს არა მხოლოდ ოპოზიცია, ან ყოფილი პრეზიდენტი, ამას უნდა ამბობდეს ჩვეულებრივად მთავრობაც. ამაზე საუბარი ნორმალურია. ჩვენ არავისი ვალი არ გვაქვს, ნამდვილად. ჩვენ ვართ თანასწორი წევრი ევროპული თანამეგობრობის. 

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი თარგამაძის ფორმულაში ამერიკისა და ევროპის ელჩების კრიტიკაზე საუბრობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა