თოფიანები და ფულიანები - ასე შეიძლება დავახასიათოთ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა ”დამამშვენებლის” როლით. ამათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მორჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამართლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება.
წავიდა თუ არა? არსად წასულა, გარდაისახა. ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია. იმ ასფალტშია, რომელსაც მაია დააგებს და ფინანსთა მინისტრი( სულ მავიწყდება მისი სახელი) დააფინანსებს ნასესხები ფულით, იმ ვაქცინაშია, რომელიც კორონას შემუსრავს და იმ რადიოტალღებშია, რომელიც ”იმედს” აფრქვევს ქვეყანაში. იმ ჩაქუჩშია, რომელსაც სპიკერი დასცხებს მაგიდაზე და იმათ გულშია სავსე, ვისი ჯიბეც გაავსო. ყველგანაა და წავიდაო! ესეც რწმენის საკითხია. რწმენას ხომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ.
ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ქართული ოცნებაში მიმდინარე პროცესებს. ცნობისთვის, დღეს, 16 იანვარს, ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. გარდა ამისა, პარტიამ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ოცნების თავმჯდომარის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ წარადგინეს, რაც 11 იანვარს, პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.