დღეს, ჩვენ ყველამ, პირდაპირ ეთერში ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით, როდესაც პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალური სიფრთხილით, მოზომილად, პროპორციულად და იყო ორიენტირებული კანონის ზედმიწევნით სწორად აღსრულებაზე და არა ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებაზე. ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირება არის ნაციონალური მოძრაობის წარსული, მათი სახე და ჩვენ რა თქმა უნდა, არ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას, რომ რაიმე არაცივილური ფორმით მოხდეს კანონის აღსრულება.
განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმის წარმომადგენლები შეიჭრნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა შენობაში მყოფი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.