logo
ENG


ჯაფარიძე: გამოხატვის, შეკრების, მედიის თავისუფლებაზე საუბარი ამ ქვეყანაში ილუზიაა
  • 1004ნახვები

ის რაც დღეს ხდება უბრალოდ სირცხვილი არ არის. დღეს კარგად ჩანს, რამდენად საშიშ რეალობაში ვცხოვრობთ. კარგად ჩანს რომ ნებისმიერი საუბარი გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე და ა.შ. ამ ქვეყანაში არის ილუზია, წყალი, ბოდვა.

დღეს ასევე გამოჩნდა რომ წინა დღეების განმავლობაში პრაიდთან დაკავშირებით გაკეთებული მოზომილი განცხადებები ნებისმიერის მხრიდან, განპირობებული იყო ან შიშით ან ნაბიჭ..ობით.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო შენობის შტურმის ჰიპოთეტური საფრთხის გამო ახალგაზრდებს თვალებს თხრიან რეზინის ტყვიებით, მაგრამ არაფერს ეუბნებიან ხალხს რომელიც სასიკვდილოდ იმეტებს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, სცემს ჟურნალისტებს და ოპერატორებს, თავში ჯოხს ურტყამს პოლიციელს

ნუ, მაქსიმუმ ხვალ დააჯარიმონ სიმბოლურად და გამოუშვან. აქ მთავარი ვიღაცეების ძალაუფლებაა. ამ ძალაუფლების ხელიდან არ გაშვების გამო, დედას გიტირებენ. და ეს ძალაუფლება ახლა საპარტიარქოს და ოცნების ხელშია. ბოდვაა რომ ისინი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ერთად არიან, ერთნი არიან, ერთი ბნელი მხარეა ორივე და ძალაუფლება და ფული არის ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ.

ქრისტიანობა და ეკლესია ისეთივე შირმაა ერთისთვის, როგორც პროევროპულობა და პროდასავლურობა მეორისთვის. ამ სიმბიოზის დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. არანაირი გაქცევა, არანაირი შიში, არანაირი ჩაჯ.. ზუსტად ეგ უნდათ მაგათ. ესენი უნდა გავუშვათ მშვიდად და ცივილიზებულად. ორივე ერთად!

წერს გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე. ჯაფარიძე ეხმაურება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები დილიდან არიან შეკრებილი და მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. მათი ლიდერების ნაწილი ღირსების მარშის გამართვის შემთხვევაში მსხვერპლითაც იმუქრებოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა