არ ვიცი, ადამიანებად როგორ უნდა მოვიხსენიო ისინი, ვინც ამას ჩადიოდნენ გუშინ. ეს არაადამიანური საქციელი იყო. ეს არ იყო ჯანმრთელი, ჯანსაღი მდგომარეობა. რაღაც სჭირთ ეტყობა, დაავადებაა, ექსპერტებმა უნდა ჩაატარონ გამოკვლევა. საზოგადოების რაღაც ნაწილი არ არის ჯანმრთელი. ფსიქიკურად ცოტა არ ვართ კარგად, ასე მგონია. საერთოდ იციან, რას ებრძოდნენ? აზრზე არიან, რას აკეთებენ ან მომავალში რას გააკეთებენ? მათ საქციელს რა ლოგიკა აქვს, რას ემსახურება, ვერ ვხვდები.
ამას უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო იმიტომ, რომ არაფრით არ შეიძლება ასე მიშვება. მეგონა, რომ 90-იანებში დამთავრდა საყურის თუ გრძელი თმის გამო ადამიანების ჩაგვრა, ცემა და ტყეპა...
საერთოდ რა ბოდვაში ვართ? რა გვმართავს? საით მივდივართ, რა მიზანი გვაქვს? რა პრეტენზიები გვაქვს საერთოდ? სიყვარული მართავდა ახლა გუშინ ამ ყველაფერს? მე ვიცი, რომ ქრისტემ თქვა, ორი ადამიანი სადაც ნახოთ ერთად სიყვარულითო, იქ ვარ მეო და გუშინ ამათმა დაარბიეს და ქრისტე ჯვარს აცვეს, ყველაფერი ქნეს გარდა ქრისტიანობის და ადამიანობისა. სად არის სიყვარული?
ასე ეხმაურება მსახიობი ნანა ბუთხუზი გადაცემა კომენტარში გუშინ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე ძალადობას.