ამ დროისთვის მობილიზებულია 6 ათასამდე საწოლი. აქედან დაკავებულია 5 200, ანუ საკმაოდ მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი. აქედან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელი დაწესებულება რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდით, რადგან იკვეთება, რომ ამის საჭიროება იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე ხანში დაემატოს სულ მცირე 1 500 საწოლი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ესეც არის აუცილებელი, რადგან როგორც გითხარით, შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ასევე, არის მსუბუქი შემთხვევები ბავშვებში. ბავშვს როცა აქვს მსუბუქი მდგომარეობა, მისი ჰოსპიტალიზაცია სერიოზული დისკომფორტის გამომწვევია როგორც ოჯახისთვის, ასევე ბავშვისთვის. ამდენად, ბავშვებისთვისაც შეიქმნება სასტუმროებში შესაფერისი გარემო, რომ იქ დაასრულონ თავიანთი მკურნალობის კურსი ექიმის მეთვალყურეობით.
განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. დღეს, 26 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი.