ეს უდიდესი ზეიმი [ფერისცვალება] განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ.
ამასთან, ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები. [...] არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით.