კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი, ესენი არიან უბრალოდ მოლაპარაკე თავები, ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე მართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ სამსახურს ასე ჰქვია, მაგრამ ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს და ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზაციური არჩევანი. ნურავინ ნურავის ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს, ვინ უფრო უკეთ დააგებს ასფალტს.
ეს არის ცივილიზაციური არჩევანი - ან ქუჩებში გვხოცავენ, ან ვერ გვხოცავენ, ან გვაშანტაჟებენ, ან - ვერ, ან გვართმევენ მომავალს, ან ვერა, ან ჩვენი ბავშვები, თქვენი ბავშვები იამაყებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებით, ან ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნიდან წასვლაზე. აი, ეს არჩევანია.
ეს არის უბრალოდ არჩევანი, სადაც უნდა დავადასტუროთ - ან ამაყი ხალხი ვართ, ან უბრალოდ მასა ვართ, რადაც ივანიშვილს მივაჩნივართ. ამიტომ ძალა უნდა მოვიკრიბოთ და საკადრისი პასუხი გავცეთ, სანამ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, მშობლებს გადმოგვიყრიან მე-2, მე-3, მე-4 სართულიდან, სადაც ქვეყნის მთავარ გამზირზე სცემენ ახალგაზრდებს.
თქვა თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე. 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, დიპლომატებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკურად აქტიურ პირებს.