გვაქვს, სამწუხაროდ, რთული მოცემულობა, იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი არის გაწვეული. ეს არის მთავარი ასპექტი ამ კუთხით, ანუ კონკრეტული დემარში განხორციელდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სიღრმისეული განსჯის საფუძველზე იქნა მიღებული. გვაქვს სამწუხარო და ძალიან უცნაური მოცემულობა: ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, არიან უკრაინაში ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან უცნაური მოცემულობა, ალბათ, უნიკალური მსოფლიოს ისტორიაში.
ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან იმ ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და, რომელიც დღეს არის ძალიან რთულ ვითარებაში. ჩვენთვის ეს არის ძალიან სამწუხარო და კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ეს მოცემულობა ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, რაც განსაკუთრებით გამოიხატა ელჩის გაწვევაში.
ამ რთული მოცემულობის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი, მთავარი კრიმინალი წინა ხელისუფლების და მოქმედი ოპოზიციის, დღესაც არის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, რომ იმ რეჟიმის ერთერთი მთავარი კრიმინალი ადეიშვილი ახლაც არის გენპროკურორის მრჩეველი, გია ლორთქიფანიძეც და ა.შ, არახამიაც არის მათი გუნდის ერთერთი წევრი და უშუალოდ დაახლოებული პირი პრეზიდენტთან, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.