logo
ENG


გრიგორიადისის ბაბუა: "მიყვარხარ ბაბუ...მაგრად იყავი" - ამას ვეუბნებოდი [სხდომაზე] თვალებით
  • 798ნახვები

პირველ რიგში დამსვეს სპეციალურად, იქ სადაც ლაზარე იჯდა, მაგრამ კონტაქტი არ გვქონია სიტყვიერი - უბრალოდ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. "მიყვარხარ ბაბუ...მაგრად იყავი" - ამას ვეუბნებოდი ჩემი თვალებით. თავი ჩაღუნული მქონდა ხოლმე მეტწილად. ეს პირველი შემოყვანის პერიოდში იყო თვალების კონტაქტი, თორემ მერე როგორც მითხრეს, "სულ შენ გიყურებდაო".

ბავშვი იყო ძალიან კარგი, ახლაც ძალიან კარგი ბიჭია. ჩემი შვილიშვილი კი არა, ჩემი შვილია. ლაზარე საერთოდ რუსეთში დაიბადა და 5 თვის იყო, როცა ჩამოვიდა ჩემი გოგო და ლაზარე. 5 თვის პატარა ბარტყი იყო - იმის მერე აქ არის, ჩემთან ერთად... კარატეზე დადიოდა და ჭიდაობაზე. ეზო მაინც და მაინც არ უყვარდა და ახლაც არ უყვარს. უფრო სახლში ზის ხოლმე. ვიცოდი რომ აქციებზე დადიოდა. პირველ დღეს რომ დაარბიეს, მეორე დღეს კი ვუთხარი, არ წახვიდე, ხომ ხედავ რა ხდება - არა ბაბუ უსამართლობაა, ასე ხომ არ უნდა ვისხდეთ სახლში, უსამართლობას ვერ იტანს საერთოდ. უნდა წავიდეო, წინაც რომ გადამეღობო მაინც წავალო.

უკან არ იხევს ისეთი ბიჭია - იმედი მაქვს, როგორი ვაჟკაციც აქ იყო, ისე ვაჟკაცურად მოიქცევა იქაც. იმედი მაქვს, რომ მორალურად არ დაეცემა... ძალიან მაგარი ქვეყანა უნდა გავაკეთოთ - საქართველოო. თან პატარა ქვეყანა ვართო ბაბუ და მალე შეიძლება ჩვენი აყვავებაო. ლაზარეზე კაცური, სწორი და ვაჟკაცი კაცი არის...

ენას ძვალი არ აქვს, ვისაც რაც უნდა იმას იძახის. თავის გულებში ჩაიხედონ და თავიანთ ოჯახებს მიხედონ, წინასწარ იარლიყების მირტყმა რომ იციან როგორ შეიძლება. ადამიანები ქერებიც არიან, ჟღალებიც არიან - ანუ ქერა თუ არის, სხვანაირი განხრის არის?! ახალგაზრდობას ახლა თუ უნდა რომ სხვა ფერის თმა ჰქონდეს, მაგით რა გამოიხატება ვერ გავიგე. რატომ უნდა მიაკრან საზიზღარი იარლიყი. ლაზარეს გვარი აქვს გრიგორიადისი, მაგრამ სულით, ხორცით ქართველია, ქართულად არის გაზრდილი, მარტო გვარს ატარებს გრიგორიადისს. მე კალანდაძე ვარ და ჩემთან გაიზარდა. სხვათა შორის მამამისიც პატრიოტი ბიჭია.

განაცხადა 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ დროებასთან ინტერვიუში. 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისის პატიმრობა შეუფარდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა