logo
ENG


ღარიბაშვილი: დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა
  • 673ნახვები

9 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისათვის. ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება. საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.

ზვიად გამსახურდია ამბობდა: "ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შეძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას". სწორედ ეს შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს. დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ.

მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი.

ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს.

წერს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე. დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა - 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს. სადამსჯელო ოპერაციას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის სამი 16 წლის მოზარდი.



ასევე ნახეთ
close დახურვა