logo
ENG


ზურაბიშვილი: საზოგადოება არ დათმობს ევროპულ არჩევანს, დროა, მთავრობამ შეასრულოს პირობა
  • 854ნახვები

დღეს 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება. ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში დღეს ჩვენი საზოგადოება, როგორც ხელისუფლება გზაგასაყარზეა. საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება - საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა. ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია. ქართველ ხალხს ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა, დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა, კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას ხელისუფლება სადაა? ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა. ხელისუფლებამ ამ დარჩენილ დროში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რისი შესრულება შეუძლია, არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.  

 


ასევე ნახეთ
close დახურვა