logo
ENG


ბოკერია ღარიბაშვილზე: პუტინის სასარგებლო იდიოტების/დაქირავებულების მცდარი თეზისი გაიმეორა
გიგა ბოკერია
30 მაი, 2023 14:26
ბოკერია ღარიბაშვილზე: პუტინის სასარგებლო იდიოტების/დაქირავებულების მცდარი თეზისი გაიმეორა
  • 501ნახვები

ჩვენ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ვიხილეთ კიდევ ერთი დემონსტრაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატისა საერთაშორისო მნიშვნელოვან ფორუმზე. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ეს ტრიბუნა გამოეყენებინა მკვეთრი გზავნილისთვის, რომ საქართველო იმსახურებს და დასავლეთს სჭირდება, რომ საქართველო ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთის მსგავსად იყოს NATO-სა და ევროკავშირის წევრი და დაცული იყოს რუსული აგრესიისგან; იმის ნაცვლად, რომ დასავლეთის ნაწილი ქვეყნების მიერ დაშვებული წარსულში შეცდომები გამოეყენებინა დღეს ჩვენი ეროვნული ინტერესების გასამყარებლად; იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ეთქვა, 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეფერხება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და შემდგომში უკრაინის წინააღმდეგ, ამის ნაცვლად ერთი ერთში გაიმეორა ის ცრუ არგუმენტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტების ან მათი პირდაპირ დაქირავებული ადამიანების სალაპარაკო მცდარი თეზისი, რომ თითქოს NATO-ს გაფართოებამ აღმოსავლეთით და საქართველოს და უკრაინის სურვილმა, რომ NATO-ს წევრი გამხდარიყო, გამოიწვია რუსეთის აგრესია.

ანუ რუსეთი კი არ იყო აპრიორი აგრესიული და აპრიორი კი არ ერჩოდა ჩვენ სახელმწიფოებრიობას, აპრიორი კი არ ცდილობდა ჩვენი ქვეყნის განადგურებას, უბრალოდ ჩვენ გავაღიზიანეთ იმიტომ, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრები ვყოფილიყავით - ეს არის ყველაზე დიდი სიცრუე და ჩვენივე ისტორია და რუსეთის ყველა სხვა მეზობლის ისტორია არის ამის დასტური.

პირველი აგრესიის დროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საერთოდ არ იდგა საკითხი არც NATO-ს და არც ევროკავშირის წევრობის. რამ გამოიწვია მაშინ რუსეთის აგრესია? მოლდოვამ, რომელმაც ნეიტრალიტეტი ჩაწერა თავის კონსტიტუციაში, რატომ იყო აგრესია დნესტრისპირეთში და რატომ არის ეს პრობლემა დღესაც, ოკუპაციის პირობებში ეს რეგიონი რუსეთის? უკრაინის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და რა ზეწოლა მოახდინა პუტინის რეჟიმმა იანუკოვიჩზე, რაზე ათქმევინა უარი? NATO საერთოდ არ იყო დღის წესრიგში - უვიზო მიმოსვლაზე ევროპაში და ევროპასთან ვაჭრობაზე ათქმევინა უარი და ღალატი ჩაადენინა საკუთარი ქვეყნის. ეს ფაქტებიც კი საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამხელა სიცრუეა ეს და რატომ შეიძლება, თუ მოღალატე არ ხარ შენი ქვეყნის, შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისთვის?

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა