22 საათი იმსჯელეს, თუმცა 2 საათზე ნაკლები დასჭირდათ - ეთქვათ, რომ ფურცლის მეორე მხარეს არაფერი ჩანდა. კოლეგიას დავით ახალბედაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა მისი ფუნქციები მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა შეასრულა. თავმჯდომარემ მხოლოდ სხდომა გახსნა და გადაწყვეტილება გაახმაურა, ყველა სხვა აქტივობაში, რაც თავმჯდომარის ფუნქცია უნდა ყოფილიყო - 22 საათის განმავლობაში გვრიტიშვილი იყო ჩართული. უპრეცედენტო ხანგრძლივობის სასამართლო სხდომა და პოლიტიკური მიზნებით შერჩეული კოლეგიის შემდგენლობა, თავიდანვე მიუთითებდა, რომ სასამართლო კლანი, მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებამ პანიკაში ჩააგდო, სიმართლის გავრცელების პრევენცია კი კლანის ყველაზე ერთგული მოსამართლეებით სცადა - ხელისუფლებისთვის მისაღები სიმართლის დადგენა, დიმიტრი გვრიტიშვილმა საკუთარ თავზე აიღო. ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების გაუქმებას ხელი მოაწერეს და საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, სიმართლე ისევ მორჩილებაში გაცვალეს.