"საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაიკეთე პირბადე და იმგზავრე, რა პრობლემაა",-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი Facebook პოსტზე კომენტარებში მოქალაქის კრიტიკას, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა დიდ რაოდენობას შეეხებოდა.
დღეს, 17 ოქტომბერს თბილისის მერმა Facebook-ზე ძალა ერთობაშიას გუშინდელი აქცია გააკრიტიკა. კალაძის თქმით, "პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს". სწორედ ამ პოსტის კომენტარებში გააკრიტიკა მოქალაქემ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ბათუმში ძალა ერთობაშიას საარჩევნო ღონისძიება 16 ოქტომბერს ჩატარდა, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მონაწილეების ნაწილს პირბადე არ უკეთია, დაცული არ არის სოციალური დისტანციაც.
აქციას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებმა უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საზოგადოების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დააყენეს. მისივე აზრით, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ომბუდსმენის განცხადებით, უნდა მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება.