logo
ENG



"კლანი უნდა დასრულდეს" - იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია გაიმართა

26 მაი 202112:30
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო:

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი, აქცია "კლანი უნდა დასრულდეს" გაიმართა.

მოძრაობა სირცხვილიას პროტესტს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

როგორც ისინი ამბობენ, დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების შესრულებას თავს აარიდებს. 

სამოქალაქო აქტივისტის, ნოდარ რუხაძის თქმით, დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრზე კენჭისყრა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის გამჭვირვალე და სამართლიანი.

"დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რეალურად, მაქსიმალურად ეცდება, რომ თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას.

ეს კონფერენცია და ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს მოსამართლეებს უწევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ჩვენი მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, არ არის გამჭვირვალე და არ არის სამართლიანი", - ამბობს ნოდარ რუხაძე.

დღეს, 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, რომელზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი.

დღევანდელ კონფერენციას ასევე კრიტიკა მოჰყვა როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილითაც კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს.

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა