logo
ENG



"საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა" - ელჩი ისრაელში

08 ოქტ 202311:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ასევე, პოლიციასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან - მისი თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ცნობები არ ყოფილა.

"საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, ისრაელის პოლიციასთან [...] ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადაყვანილი, ისინი ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმრო, აქ გვყავდნენ ბავშვები, თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, კარგად არიან, უსაფრთხოდ არიან", - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იყო - ისინი უკვე უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა