logo
ENG



"საქართველო არ ახორციელებს სანქციებს, იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ გვესმის" - ო’სალივანი

28 ივნ 202317:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/rurr962qczqae9v.png

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის განცხადებით, იმედგაცრუებულები არიან, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, თუმცა მისი თქმით, შექმნილი კონტექსტიდან გამომდინარე, ეს ესმით.

"საქართველო, რა თქმა უნდა, არ ახორციელებს აღნიშნულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ეს ასე არ ხდება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ იქცეს ევროკავშირის წევრად, ამიტომ გვსურს, რომ შეესაბამებოდეს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ, ასევე, ვიაზრებთ, რა კონკრეტულ სიტუაციაში იმყოფება ამჟამად საქართველო, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც მას უწევს ვაჭრობა რუსეთთან, ამიტომ გვესმის, რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს", - განაცხადა მან [სინქრონული თარგმანი].

მისივე განცხადებით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ნახეს, რომ საქართველოს მთავრობა "საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს საკითხს", რომ ქვეყანა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ერთგვარ პლატფორმად არ იქცეს.

ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი.


close დახურვა