logo
ENG



"შესრულდეს EU-ის დემარშის პირობები" - ენმ ორშაბათს იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართვას

01 ივლ 202312:44
3 წუთის საკითხავი
 
"შესრულდეს EU-ის დემარშის პირობები" - ენმ ორშაბათს იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართვას

ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს აქციას გამართავს. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი ჩალაძემ ისაუბრა, მათი მოთხოვნა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის დემარშის პირობები შეასრულოს.

"პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხში ჩასართავად ჩამოსასვლელი ევროკავშირის მისიის სამედიცინო მისია სრულიად დაკომპლექტებული და მზად არის გამოსაფრენად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სერტიფიკატი არის მიღებული, გაგზავნილია შესაბამისი შეტყობინებები ყველა სამინისტროში.

მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე საჭირო არის ვივამედის თანხმობა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხში, რომ ჩაერთოს ის სამედიცინო მისია, რომელიც ბრიუსელში 27 ქვეყნის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით შეთანხმდა საქართველოს მთავრობასთან.

მეგობრებო, ეს არის რეალური უარი, ამიტომ ენმ აანონსებს ორშაბათს, 12:00 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან აქციას, მოთხოვნით, უზრუნველყონ ევროკავშირის მოთხოვნის, ევროკავშირის დემარშის პირობების შესრულება", - განაცხადა ჩალაძემ.

27 თებერვალს ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.

როგორც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, EU-ს წევრმა ქვეყნებმა ყოფილი პრეზიდენტის  მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.

სახალხო დამცველის კონსილიუმის თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. 

კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. 

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა