logo

ამბები, რომლებიც 9 სექტემბერს უნდა იცოდე

09 სექ 202009:10
3 წუთის საკითხავი
clock 16 clock 1144
zmnyp4rv184loe6.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 9 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 და 20 რიცხვში შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა. ამის შესახებ გადაცემა „პოლიტმეტრში” ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა - მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სხვა დღეებს 18, 21 და 22 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად იმის დადგენა, იყო თუ არა ავტომობილი ამ დღეებში თეთრიწყაროს ტყეში, რთულია. რამიშვილის განცხადებით, სატელიტის კადრები ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა შემთხვევის ადგილას მოგვიანებით მიიყვანეს.

მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს 

სატელიტის ფოტოების გასაჯაროების შემდეგ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი გვიან ღამით პროკურატურაში დაიბარეს. გამოძიება რამიშვილის მიერ მოპოვებული ფოტოსურათებით დაინტერესდა. უფლებადამცველის განცხადებით, მან პროკურატურას ყველა ფოტო-მასალა გადასცა, რაც გააჩნდა და იმედოვნებს, რომ საქმე სხვა მიმართულებით წარიმართება. რამიშვილის ასევე არ გამორიცხავს, რომ იმის გამო, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს იმ პირების ვინაობა ვინც ფოტო-მასალა მიაწოდა, პროკურატურამ სპეკულაცია დაიწყოს და ფოტოები ყალბად გამოაცხადოს.

 

კოვიდ-19 რესტორან „რესპუბლიკაში”

„რესპუბლიკას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. რესტორნის თანამშრომლების ნაწილი საკარანტინო ზონებში არიან გადასული, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. რესტორნის მენეჯერის, თამარ კვერნაძის განცხადებით, ინფიცირებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

.

სხვა თანამშრომლების ტესტირების პასუხი დღეს და ხვალ გახდება ცნობილი. კვერნაძე განმარტავს იმასაც, რომ ამ ეტაპზე უცნობია „რესპუბლიკას“ თანამშრომლის ინფიცირების წყარო. კოვიდ-19 ის გავრცელების საშიშროების გამო რესტორნის მესამე სართული კვლავ დაკეტილია. რესტორნის იმ ნაწილს სადაც ინფიცირებული თანამშრომელი მუშაობდა სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩაუტარდა.

 

დაინფიცირებული ექიმი

ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადმოყვანა სპეციალურად გამოყოფილი სამედიცინო დახმარების ავტომობილით მოხდა. ინფიცირებულმა თელავში მდებარე ევექსის კლინიკას კორონავირუსის სიმპტომებით მიმართა. ექიმი დადასტურებული შემთხვევის, ჭედიას კლინიკის ექიმის კონტაქტია.

.

 

 

ირმა ინაშვილი კენჭს ნაძალადევის რაიონში იყრის

ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსიდან” კენჭს ნაძალადევის რაიონში იყრის. ის პარტიის წევრმა დავით თარხან-მოურავმა წარადგინა. როგორც მან ინაშვილის წარდგენისას აღნიშნა, პარტიის ლიდერი იმ უბანში იყრის კენჭს, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას შალვა ნათელაშვილი ჰყავს წარდგენილი.

.

 

 პარტიამ მასთან ერთად, სხვა ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებიც წარადგინა. ვაკეში ნანა დევდარიანი, საბურთალოზე კახა ძაგანია. რაც შეეხება რეგიონებს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში პარტიის კანდიდატი “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი იქნება, რუსთავში კი პაატა ჯიბლაძე.

 

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება

„მორიგი ფეიკნიუსი” - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პორტალზე GOSNOVOSTI განთავსებულ სტატიას სახელწოდებით „საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს“ . პრეზიდენტის განმარტებით რუსულ მედიაში - საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებული სტატია დეზინფორმაციას წარმოადგენს.

ზურაბიშვილის განცხადებით, გამოგონილია სტატიაში მოყვანილი წერილი, რომელიც თითქოს საქართველოს პრეზიდენტს ევროპული ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მისწერა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილ პირთა ბანაკის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარტნიორებს მოუწოდებს, მკაცრად დაგმონ რუსული მხარის პროვოკაციული მცდელობები. 

 

ხარვეზები მართლმსაჯულებაში

„დემოკრატის ინდექსი საქართველო“ მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. ორგანიზაციის თავმჯდომარეს მაგალითად ლუკა სირაძის საქმე მოჰყავს. ეკა ციმაკურიძის თქმით, საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მარიანა ჩოლოიანის გარდა სხვა ბრალდებულების გამოვლენაა. როგორც ის აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის დედა, გამომძიებლის გარდა სხვა პირებსაც ასახელებდა, რომლებიც, სავარაუდოდ მონაწილეობდნენ არასრულწლოვნის იძულებით გამოკითხვასა და მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ჯერჯერობით გამოძიებას სხვა სამართლდამცავების პასუხისმგებლობის საკითხი ამ საქმეში არ დაუყენებია. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მოწმეთა და დაზარალებულთა დაუცველობა მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

1729 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1321 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 390 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5882 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 27.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 19.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 901 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.



close დახურვა