logo
ENG



ამერიკული კომპანია ნოვავაქსი კოვიდის ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს

28 ნოე 202111:41
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/28/9aja5rncga98ahq.jpg
skynews

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია ნოვავაქსი მუშაობს ვაქცინაზე, რომელიც კორონავირუსის ახალი - სამხრეთ აფრიკული ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანი იქნება. ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

ნოვავაქსი ამბობს, რომ მათი ვაქცინის შემცველობაში შევა მუტირებული წვეტიანი ცილა ომიკრონიდან, რისი მეშვეობითაც, ნოვავაქსის პრესსპიკერის განცხადებით, ადამიანები იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებენ. 

ნოვავაქსის თქმით, ახალი ვაქცინის დატესტვას და წარმოებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ნოვავაქსის კორონავირუსის ადრინდელი შტამების წინააღმდეგ უკვე შემუშავებული ვაქცინა, ნოვავაქსის კვლევების მიხედვით, 90%-ით ეფექტურია. ვაქცინას მიღებული აქვს საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია ინდონეზიასა და ფილიპინებში, ასევე, გავლილი აქვს ყველა საფეხური, რომ მიიღოს ინგლისის, ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციები.

თავის მხრივ, ფაიზერს უკვე დაწყებული აქვს კვლევა, თუ რამდენად ებრძვის მათი უკვე არსებული ვაქცინა ვირუსის ახალ - სამხრეთ აფრიკულ შტამს. კომპანიაში ამბობენ, რომ პასუხი 2 კვირაში ეცოდინებათ. იმ შემთხვევაში, თუ ფაიზერის არსებული ვაქცინა ახალი შტამის წინააღმდეგ ვერ იმუშავებს, კომპანიაში ამბობენ, რომ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინის შექმნას 100 დღეში შეძლებენ.

კორონავირუსის ახალი ომიკრონის შტამი სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა, რის გამოც შეზღუდვები აფრიკის ქვეყნებიდან ფრენებზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც დაწესდა.

ნიდერლანდებში ნაწილობრივი ლოქდაუნი გამოცხადდა. ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის საზღვრის კვეთა აეკრძალათ. აშშ-მა სამხრეთ აფრიკიდან და კიდევ 7 ქვეყნიდან (ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, მოზამბიკი და მალავი) ფრენები შეზღუდა და ქვეყანაში შესვლა მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებს შეეძლებათ. საზღვრები ჩაკეტა ევროკავშირის ათობით წევრმა ქვეყანამ.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს აღნიშნულ აფრიკულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამვე ახალ შტამს "ომიკრონი" სახელდების პროტოკოლის მიხედვით უწოდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია და ასევე, მძიმედ მუტაციურია, რის გამოც, შესაძლოა ვაქცინებმა მის წინააღმდეგ ვერ იმოქმედოს. ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.


close დახურვა