logo
ENG



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

21 აპრ 202109:37
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესია.

ნედ პრაისის თქმით, საქართველოში უნდა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე მუშაობა. 

"მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის მედიაციით შედგა, რომელიც ყველა მხარისგან რთულ კომპრომისებს მოითხოვდა. ეს როგორც პოლიტიკურ გამბედაობას, ისე ქართველი ხალხის ერთგულებას მოითხოვდა, რათა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე მუშაობა. ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესია. რასაკვირველია, იმპლემენტაციაც თანაბრად მნიშვნელოვანია", - აცხადებს პრაისი.

მისივე თქმით, აშშ მზადაა დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ უზრუნველყონ შეთანხმების შესრულება. 

ამასთან, მან პოლიტიკურ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. 

"ვიწვევთ პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოწერონ შეთანხმებას ისე, რომ ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ერთად შეძლოს მუშაობა. აშშ ერთგულია დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ უზრუნველყოს შეთანხმების სისრულეში მოყვანა, როგორც ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ნედ პრაისმა. 

ცნობისთვის, 19 აპრილს, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა, გრიგოლ ვაშაძემ და შალვა შავგულიძემ.

ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.


close დახურვა