logo
ENG



ბელარუსში მიმდინარე პროტესტების დროს გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

23 აგვ 202011:57
3 წუთის საკითხავი
 
vvl88bq1lmftb1m.jpg

ბელარუსში, 28 წლის ნიკიტა კრივცოვი, რომელიც პროტესტის მე-4 დღეს გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, კრივცოვი 12 აგვისტოს გაუჩინარდა და მას 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

მინსკის მილიციის პრესსპიკერის ნატალია განუცევიჩის თქმით, კაცი 22 აგვისტოს, ხეზე ჩამოკიდული იპოვეს. 

თავის მხრივ, გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ არ იცის მონაწილეობდა თუ არა კრივცოვი აქციებში ან იყო თუ არა დაკავებული. თუმცა, ელენა კრივცოვა მეუღლის თვითმკვლელობას გამორიცხავს. 

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრივცოვს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს. 

16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 

თავის მხრივ ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება. 

 


close დახურვა