logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო: ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მოულოდნელად დაწყება შემაშფოთებელია

29 დეკ 202117:23
3 წუთის საკითხავი
 
ბრიტანეთის საელჩო: ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მოულოდნელად დაწყება შემაშფოთებელია

ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, კლერ ოლბლესი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების პროცესს ეხმაურება და მას შემაშფოთებელს უწოდებს. 

"შემაშფოთებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განხილვის მოულოდნელად წამოწყება. იმედი მაქვს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაეთმობა შესაბამისი დრო, განხილვა მოხდება ღიად, სიფრთხილით და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით". - წერია განცხადებაში. 

დღეს, 29 დეკემბერს პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ 25 დეკემბერს გახდა ცნობილი. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

კანონპროექტის მიხედვით, ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან.  

თუმცა, დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ახალი პროექტით, ინსპექტორის 120 თანამშრომელი 2 ახალ სამსახურში გადანაწილდება. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. ამასთან, ის დეკრეტულ შვებულებაშია. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო". 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა