logo
ENG



გაბუნია: ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება მრავალპროფილური კლინიკების დონეზე

19 მარ 202116:12
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია ამბულატორიული დაწესებულებების ნაცვლად მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება. 

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალციხეში 27 წლის ექთანს, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მრავალპროფილური კლინიკების რაოდენობა ამ ეტაპზე 40-ს შეადგენს. 

"ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გუშინ, ექსპერტების რეკომენდაციით ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება რომ ვაქცინაციის პროცესი ასტრაზენეკას შემთხვევაში გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად, და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამდენად ყველა ის ჯავშანი, რაც ჰქონდათ გაკეთებული ჩვენს კოლეგებს ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში - ასეთი 40. იმისთვის რომ ჩარევა იყოს დროული",- ამბობს თამარ გაბუნია. 

ახალციხეში, გუშინ 18 მარტს კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ექთნის გარდაცვალებას უკავშირდება მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესის შეჩერება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის. ასევე, ექთნის გარდაცვალებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

რაც შეეხება სავარაუდო ანაფელაქციურ რეაქციას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ "ანაფილაქსია შეიძლება მარტივ წამლებზეც განვითარდეს". ანალოგიურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრიც აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა, წელიწადში 60-80 შემთხვევა გვაქვს". 

გარდა ამისა, ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი". 

 

 

close დახურვა