logo
ENG



გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ აცრის საშუალება შეიძლება არასამედიცინო პირებსაც მიეცეთ

19 მარ 202119:39
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ აცრის საშუალება შეიძლება არასამედიცინო პირებსაც მიეცეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაბამისი საბჭოები იმსჯელებენ, მიეცეთ თუ არა აცრის საშუალება არასამედიცინო პირებსაც. 

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ეს ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ განაპირობა.

"15-ში გვქონდა 727, მეორე დღეს გვქონდა 720, 17-ში საკმაოდ გაიზარდა და იყო 1312, გუშინ აიცრა 735  და დღეს დავარდა, სანამ აქ მოვიდოდი, იყო 107", - ამბობს გამყრელიძე.

ჟურნალისტების კითხვას, მიეცემათ თუ არა სხვა მოქალაქეებს აცრის საშუალება, ამირან გამყრელიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

"გუშინ დაგეგმილი იყო ამ საკითხის განხილვა იმუნიზაციის საბჭოზე, მაგრამ ეს ფაქტი მოხდა გუშინ, ძალიან დამთრგუნველი და სხვა საკითხებზე ვერ ვისაუბრეთ. ეს საკითხი, რასაც მეკითხებით, განიხილება და ეს განიხილება ჯერ სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოზე, მერე საკოორდინაციო საბჭოზე და მიიღება გადაწყვეტილება", - თქვა გამყრელიძემ.

ახალციხეში, გუშინ 18 მარტს კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ექთნის გარდაცვალებას უკავშირდება მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესის შეჩერება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.

ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

რაც შეეხება სავარაუდო ანაფელაქციურ რეაქციას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ "ანაფილაქსია შეიძლება მარტივ წამლებზეც განვითარდეს". ანალოგიურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრიც აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა, წელიწადში 60-80 შემთხვევა გვაქვს". 

ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი". 


close დახურვა