logo
ENG



გამყრელიძე სინოდს სთხოვს, ვაქცინაციის პროცესში "გვერდში დაუდგეს"

16 მარ 202119:39
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე სინოდს სთხოვს, ვაქცინაციის პროცესში "გვერდში დაუდგეს"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სინოდსა და მღვდლმთავრებს სთხოვს ვაქცინაციის პროცესში დახმარებას, "გვერდში დადგომას". მანვე განაცხადა, რომ ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში "განსაკუთრებულია". 

"გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე ძლიერ", - მიმართავს გამყრელიძე სინოდის წევრებს. 

მანამდე, მან მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს და პატრიარქს, პანდემიის პირველი ტალღის დროს დახმარებისთვის. 

"პირველ რიგში დავიწყებ მადლობით, საქართველოს ეკლესია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია. ყველას გვჯერა ეკლესიის და მადლობა მინდა ვთქვა, პანდემიის დაწყების შარშანდელ პერიოდში როგორი პოზიციით მოგვეხმარა, განსაკუთრებით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, რომ მინიმალური დანაკარგით გამოვედით.

იცით, რა რთული პერიოდი იყო წინასააღდგომოდ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო. ეკლესიის მოწოდებებმა დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში.

მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოელ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ მნიშვნელოვან პროცესში განსაკუთრებულია", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, პირველ ორ დღეში კორონავირუსზე სულ 1 375 ადამიანი აიცრა. მათ შორის, გუშინ 727 ადამიანი აიცრა, დღეს კი 648.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოპირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.


close დახურვა