logo
ENG



გახარია გაბუნიას საქმეზე:არ უნდა გამოვაყენებინოთ ეს პოლიტიკური ინტერესებისთვის

18 ივნ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  ჟურნალისტ  გიორგი  გაბუნიას  სავარაუდო  შეკვეთილი მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აუცილებელია, სამართალდამცავმა სისტემამ საქმე უმოკლეს ვადებში გამოიძიოს და საზოგადოებას გამჭვირვალე ინფორმაცია მიაწოდოს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს სპეკულირების შესაძლებლობა არ მიეცეთ.

„პირველი - საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ აღკვეთა დანაშაული - ეს ფაქტია. მეორე - საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერთან ერთად არის ჩვენი დემოკრატიის და უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი. მესამე - კონკრეტულმა უწყებამ და სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით, არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საქმეს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მან გიორგი გაბუნიასგან დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.


close დახურვა