მართლა უცნაური ქვეყანა ვართ და უცნაურადაც გამოვიყურებით. აღმაშენებლის მოთმინების უნარსა და სტრატეგიულ ხედვას ყველა ქართველი მმართველისთვის საუკუნოდ სამაგალითოდ მივიჩნევთ... ამ მაგალითებს კი ჩვენს დროებაში სულ უკუღმა ვასრულებთ. აი, მაგალითად: დავითმა თავიდანვე განსაზღვრა ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხე - "დიდ სელჩუკთა სახელმწიფო" და ბევრ სხვა ნაბიჯთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიიდან ცოლეურის სანათესავო - ყივჩაყები ჩამოასახლა და "სანაპირო მხარეებში" დაასახლა, ანუ მათგან ფაქტობრივად 40-ათასიანი სასაზღვრო არმია შექმნა. დღეს მთავარი საფრთხე რუსეთია. რას აკეთებს დავითის მემკვიდრე საქართველოს ხელისუფლება - ამავე რუსეთიდან შემოსული მოსახლეობით ავსებს ქვეყანას. ანუ აკეთებს იმის სრულიად საწინააღმდეგოს, რასაც დავითი იზამდა.
დავითს კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე ზურა გირჩის და გიორგი-უცნობი-გრეჩიხას ჰიტად ქცეულ დებატებზე უნდა ვთქვა ორი სიტყვა. მართალია საწინააღმდეგო აზრის შედეგად აბობოქრებულ შტორმში მოხვედრილ კიდობანში მსხდომთაგან დაზარალებული უფრო მასპინძელი აღმოჩნდა, თუმცა, ოცნების პროპაგანდისტული ამოცანა, რომელიც ომის შიშითა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამუქებით, ისედაც ტრავმირებული საზოგადოების კიდევ უფრო დაზაფრვას და ამით ძალაუფლების შენარჩუნებას ისახავს მიზნად, მაინც შესრულდა. ის შიშები კი, რომელთა გაღვივებასაც მსგავსი გადაცემები ემსახურება, მიუხედავად დებატებში ჯაფარიძის უპირობო ემოციური თუ არგუმენტირებული უპირატესობისა, მისი პასუხებით მხოლოდ ნაწილობრივ განეიტრალდა.
ის, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და დაიშლება, პროპაგანდის მსხვერპლი და მძიმე ტრავმებით დატვირთული საზოგადოებისთვის აზრის შესაცვლელად და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად საკმარისი ნამდვილად არ არის. უმრავლესობა ისედაც კარგად ხვდება და მეც პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ალბათობით რუსეთი დამარცხდება, თუმცა ამის 100-პროცენტიანი გარანტია ბუნებაში არ არსებობს, და საზოგადოების ნაწილს აქვს სრული უფლება დაუშვას, რომ შესაძლოა ეს ასე არც მოხდეს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პოლიტიკოსი სრულად დარწმუნებულია ამა თუ იმ მოვლენის ალბათობაში, მისი მოვალეობაა გათვალოს ყველა რისკი, მათ შორის ისიც, რისი მოლოდინი მას პირადად შესაძლოა ნაკლებად აქვს, და არგუმენტირებული პასუხი გასცეს მოსახლეობას. ჩვენ შემთხვევაში კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე: თუ რუსეთი არ დამარცხდა და დაიშალა, ან დიდი ალბათობით კი დამარცხდა, მაგრამ თავად ამას არ აღიარებს და ისე სწრაფადაც არ იშლება - მაშინ რას და როგორ ვაკეთებთ.
100 პროცენტით გარანტირებული შედეგი პოლიტიკაში არ არსებობს და ბუნებრივია არ არსებობდა არც საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომლებიც დავით აღმაშენებელმა თუ გიორგი ბრწყინვალემ მიიღეს და რის შედეგადაც საქართველომ ერთიანობა აღიდგინა და გაძლიერდა, როგორც სახელმწიფო, ერთგვარად რისკის შემცველი იყო. მართალია პირველ შემთხვევაში თურქ-სელჩუკების მმართველობა და რეგიონში მათი დომინაცია მთავრდებოდა, მეორე შემთხვევაში კი მონღოლების, თუმცა ორივეგან არსებობდა ალბათობა იმისა, რომ საქართველო დამარცხებულიყო. ამისთვის საკმარისი ძალა თურქებსაც ჰქონდათ და მონღოლებსაც. თუმცა, ჩვენმა მეფეებმა მომენტის შეგრძნებით, რისკების სწორი შეფასებითა და თამამი გადაწყვეტილებით სასურველ შედეგს მიაღწიეს. მაგრამ იგივე აღმაშენებელს ან გიორგი ბრწყინვალეს გაბედულება რომ არ გამოეჩინათ და უბრალოდ გეოპოლიტიკურ დინებას მიჰყოლოდნენ, ნულოვანი რისკის ფაზას დალოდებოდნენ და სხვების გადაწყვეტილებებს მინდობოდნენ, ვერც ტერიტორიული მთლიანობას აღადგენდნენ, და ვერც წარმატებას მიაღწევდნენ.
აშკარაა, რომ დღესაც ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე სუსტდება. თუ ჩვენ იმას ვუმიზნებთ, რომ საქართველო გაერთიანდეს, რეგიონში გავლენა განიმტკიცოს და ეკონომიკურად გაძლიერდეს, გარკვეული რისკის გარეშე ამას ვერ მივაღწევთ. თუმცა ეს რისკები დაზღვეული უნდა იყოს, როგორც დროსა და სივრცეში, ისე, ჩვენი მხრიდან შინაგანი მზაობისა თუ შესაძლებლობების კუთხით.
ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ გადამწყვეტი მოქმედების დაწყების დროზე. ანუ, როდის: დღეს, სამ თვეში თუ 1 წელიწადში. თუმცა, ხომ ყველასთვის აშკარაა, რომ ამ მომენტისთვის, როცა არ უნდა დადგეს ის, ინტენსიურად უნდა ემზადებოდე რომ მისი გამოყენება შეძლო? აქტიურად უნდა მუშაობდე შეიარაღებული ძალების გაძლიერების, საზოგადოების კონსოლიდაციის, პოლიტიკური პარტიების ერთიანობის, საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდის თუ რუსული პროპაგანდის შეზღუდვის კუთხით. თუმცა, სწორედ აქ გვაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან: ის გაერთიანების ნაცვლად - ანაწევრებს საზოგადოებას; დაახლოების ნაცვლად - შორდება დასავლელ მოკავშირეებს; გაძლიერების ნაცვლად ასუსტებს შეიარაღებულ ძალებს; შეზღუდვის ნაცვლად - ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდისტულ საშუალებებს; ჯამში კი მათი გადაწყვეტილებები თუ ნაბიჯები ჩვენს სახელმწიფოებრივ სხეულს კი არ აკაჟებს - ძალას აცლის, იმუნიტეტს უქვეითებს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის არა მარტო რუსული, არამედ რეგიონის შესაძლო დესტაბილიზაციის შედეგად გაჩენილი ყველა სხვა საფრთხისადმი.
ხოლო ის, რასაც უცნობის რიტორიკის საშუალებით ივანიშვილი გვთავაზობს, რომ არაფერი გავაკეთოთ, დავიმალოთ, დაველოდოთ როდის დაინგრევა რუსეთი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმოქმედოთ, არის აშკარა მცდელობაა, რომ საქართველომ სუბიექტის ყველა ნიშან-თვისება დაკარგოს და ისტორიის პასიურ ობიექტად დარჩეს. სუბიექტად ყოფნა ნიშნავს, რომ თუნდაც ძალიან ფრთხილად, შენი ზომის, მასშტაბისა და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობ პროცესის ნაწილი იყო, რაც იმის საშუალებას გაძლევს, როდესაც იმპერიის ნგრევის თუ მისი დასუსტების შედეგად ალაფის განაწილების ჯერი დგება, შენი კუთვნილი წილი მიიღო. მაგრამ თუ ისტორიის ობიექტი ხარ, ეს იმის ტოლფასია, რომ კი არ ინაწილებ - უკეთეს შემთხვევაში სტატუს-კვოს ინარჩუნებ, უარესში - შენ გინაწილებენ...
ავტორიტარულ რეჟიმებს ერთი სპეციფიკა ახასიათებთ: რამდენადაც ისინი ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაციის გამო მობილურობით და რესურსების სრული და სწრაფი მობილიზაციით გამოირჩევიან, ასევე სწრაფად და სრულად მარცხდებიან. ავტორიტარული პირამიდის სათავიდან ერთი კონკრეტული აგურის გამოძრობა თუ დაზიანება ავტომატურად იწვევს მთელი სისტემის ჩამოშლას. გამონაკლისი არც რუსეთია. ამიტომ მისი ნგრევის გრძელვადიანი პერსპექტივა, შესაძლოა, ძალიან ადვილად დამოკლდეს. ან შესაძლოა რუსეთი მაინც გადარჩეს, თუმცა ბევრად დასუსტებულ მდგომარეობაში. ის მომენტი კი, რომლისთვის მზადყოფნის აუცილებლობაზეც ალბათ ყველა ვთანხმდებით, ახლა უკვე ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს.
ამიტომაც ოცნების კაპიტულანტური პოლიტიკის ალტერნატივა, ომში თავით გადაშვება კი არა - ქვეყნის გაძლიერებაა იმისთვის, რომ რუსეთის დამარცხება, დაშლა ან თუნდაც დასუსტება საქართველომ ისტორიული ამოცანისთვის: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი წევრობისთვის სწორად, სწრაფად და ეფექტურად გამოიყენოს. მოკლედ: აღმაშენებელივით სანამ უკან გასაქცევი გზის დახშობის აუცილებლობა დამდგარა - უცნობ-გრეჩიხასა და ზურა-გირჩის დებატებში გამარჯვებულის ძიების პარალელურად, დავითის სიბრძნეზე, შორსმჭვრეტელობასა და გაბედულებაზე ვიფიქროთ და გავითვალისწინოთ - კარგი იქნება.