ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალიე გრიბაუსკაიტე ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ გრიბაუსკაიტემ Twitter-ზე დაწერა. მან ლუკაშენკო დიქტატორად მოიხსენია.
"დიქტატორი სისხლიანი ხელებით - ლუკაშენკო, წადი ახლავე. შენი ბედი შენ თვითონ განსაზღვრე - ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს", - წერს ყოფილი პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.