გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმასა და ბორჯომში, მათ ბანაკში მობილიზებულ დაჯგუფებას პარტია ხელისუფლების დისკრედიტაციულ კამპანიას უკავშირებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ბადრი გრიგალაშვილმა ფორმულასთან ისაუბრა.
"ამ ბანაკების საშუალებით, ვესაუბრებით ახალგაზრდებს და უკვე მიზანმიმართულად, საკმაოდ დიდი ხანია, იმედი და მთელი ქართული ოცნების მედია პროპაგანდა ცდილობს დისკრედიტაციას, ერთი მხრივ, ამ ბანაკების, ლიბერალური აკადემიის, რადგან მათ სურთ, დააშინონ ამ ბავშვების მშობლები, ეს ბავშვები, რათა აღარ ჰქონდეს აღარავის სურვილი, რომ წამოგვყვეს და ჩვენი იდეების შესახებ მათ მოისმინონ. ეს უფრო განავითარეს მათი ამ დისკრედიტაციული კამპანიის ხასიათი და უკვე ფიზიკურად შეგვიქმნეს საფრთხე", - განაცხადა მან.
დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.
ამასთან, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, 60-მდე ადამიანი მიცვივდა და გაურკვეველ სიტყვებს ყვირიან.
გავრცელებულ ვიდეო კადრებში ისმის, რომ გაურკვეველი ჯგუფის წევრები ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ და მათ მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი.