მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება შესთავაზა.
"გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია.
ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე.
მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის. შემოთავაზებას რაც შეეხება კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება", - წერს სააკაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე თავმჯდომარის ასარჩევად მოქალაქეების რეგისტრაცია დასრულდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდება. ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გაგრძელდება.
პარტიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, ვინ გადის რეგისტრაციას, ხომ არ აქვთ მათ ყალბი ანგარიში, ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები. პროცესს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის შტაბების წარმომადგენლებიც აკვირდებიან.
9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".
საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.