logo
ENG



დენისოვა: ექიმმა მითხრა, რომ საჭიროა გასტროენტეროლოგის ჩართვა, სააკაშვილს სისხლდენა დაეწყო

16 ნოე 202112:22
3 წუთის საკითხავი
 
დენისოვა: ექიმმა მითხრა, რომ საჭიროა გასტროენტეროლოგის ჩართვა, სააკაშვილს სისხლდენა დაეწყო

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს შეხვდა და მათთან საქართველოს ექსპრეზიდენტის პირადი უსაფრთხოების, წამებისგან დაცვის და მკურნალობის საკითხები განიხილა. 

დენისოვას თქმით, ექიმის, კონსილიუმის წევრის, ნინო შარაშენიძისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებას გასტროენტეროლოგის ჩართვის აუცილებლობაზე შეატყობინა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს სისხლდენა დაეწყო. 

კონსილიუმს მესამე დღეა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის და მდგომარეობის შემოწმების საშუალება არ აქვს.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ კონსილიუმი შეიქმნა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ მაშინ, როცა ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იყო მოთავსებული, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში კი ამის საჭიროება არ არის. 

***

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. ის საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. მან იუსტიციის მინისტრს შესვლის თხოვნით გუშინვე მიმართა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, "პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, უარი ეთქვათ". 

მისივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ აქვთ.

13 ნოემბერს სააკაშვილთან არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ორი ლიეტუველი დეპუტატი. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. 

ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა