დაუმორჩილებლობის აქციის ერთერთი ორგანიზატორი და სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ დედაენის ბაღიდან აქციის მონაწილეებს შეშა და გენერატორი მოპარა.
როგორც დიღმელაშვილი ამბობს, მთელი ღამის განმავლობაში დედაენის ბაღში იქნება მუსიკა და დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები კომენდანტის საათით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევენ.
„ხალხს მოვუწოდებთ რომ გამოვიდნენ, შემოგვიერთდნენ, გვექნება მუსიკა, გავათბობთ ერთმანეთს. პოლიციამ შეშა და გენერატორი მოგვპარა. არ გვათბობინებენ ადამიანებს. გვექნება საშუალება, გავუშვათ სახლში, ვისაც ენდომება სახლში წასვლა", - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.
აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დედაენის ბაღამდე გაგრძელდა - დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის არსებობას სწორედ დედაენის ბაღში გააპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, არსებული შეზღუდვები ადამიანებზე ზრუნვას არ ემსახურება. ისინი ითხოვენ, რომ ქვეყანა ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნას.
აღსანიშნავია, რომ მარშის მონაწილეები რეგულაციების დაცვით მოქმედებენ, კერძოდ, კი პირბადეს იყენებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
მსვლელობაში პოლიტიკოსები, რესტორატორები, აქტივისტები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.