ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა ევაკუაციის შესახებ ვიდეო გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე ჩაწერეს. ერთ-ერთ ვიდეოში ევაკუაციის კონკრეტულ თარიღად 18 თებერვალია დასახელებული. მიმართვის ჩაწერის თარიღს რადიო თავისუფლების რუსულმა ბიურომ და Bellingcat-ის მკვლევარმა, ერიკ ტოლერმა მიაქციეს ყურადღება. მათ ვიდეოების მეტამონაცემები შეისწავლეს.
დონბასში ვითარების გამწვავების მიზეზით ევაკუაცია 18 თებერვალს გამოცხადდა. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა მიმართვისას ახსენა "დღეს". თუმცა პუშილინისა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, ლეონიდ პასეჩნიკის ვიდეოები, როგორც მეტამონაცემებიდან ჩანს, ჯერ კიდევ 16 თებერვალს ჩაიწერა.
ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.
რამდენი ადამიანი აპირებს რუსეთში გადასვლას, უცნობია. პუშილინმა რუსულ სამთავრობო არხთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ სავარაუდოდ, ევაკუაცია ასი ათასობით ადამიანს შეეხება.
ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს. დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ აღიარებს.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი.
საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.