logo
ENG



ელისაშვილი: არგაღიზიანება სწორია, მაგრამ რეზოლუციის ეს ტექსტი არის სისაწყლე და სიბეჩავე

01 თებ 202216:50
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში რუსეთი ნახსენები არ არის, სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლენაა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ელისაშვილმა თქვა: 

"არგაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. როცა შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ, რომ გესვრის და გაგაქრობს

მაგრამ, არგაღიზიანება - კი ბატონო, ფრთხილები უნდა ვიყოთ, თავდაჯერებულები, მაგრამ რეზოლუციის ეს ტექსტი არის სიბეჩავე, სისაწყლე. რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთს არ ვახსენებთ და ვითომ რაღაც არაამქვეყნიური საფრთხეების წინაშე დგას უკრაინა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისგან არის სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლინება. ეს ძალიან გულს მტკენს, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ უფრო ღირსეულად დავუჭერთ მხარს ამ ქვეყანას. იმ ქვეყანას, რომელიც, 90-იან წლებში, სულ რომ არ ევალებოდა, მოხალისეებით იბრძოდა აფხაზეთში, სულ რო არ ევალებოდა, ჭუბერში ჩარჩენილი მშიერი, გაყინული, გაუბედურებული დევნილები გადმოიყვანა ქუთაისსა და თბილისში თავისი ხარჯით და რისკით. ომის დროს თბილისის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ და პრეზიდენტი აქ იყო, რუსთაველზე იდგა, ისიც რისკავდა და ასეთ ქვეყანას, როცა საფრთხეა, ვეუბნებით, რომ შარში ხარ, მაგრამ შარი ვისგან მოდის, იმას ნუ მახსენებინებ".- თქვა ელისაშვილმა. 

მან ქართულ ოცნებას "ადამიანურად სთხოვა და მოუწოდა, არ იჩქარონ". 

"არგაღიზიანება სწორია, მაგრამ სისაწყლეს თუ გამოვავლენთ, არავინ ღირსეულად არ შემოგვხედავს. არც მეგობრისთვის და არც მტრისთვის არ ვიქნებით არაფერი. ქართულ ოცნებას ადამიანურად გთხოვთ და მოგიწოდებთ, არ ვიჩქაროთ. ძალიან ცუდად წარმოჩინდება ჩვენი ქვეყანა, თუ 1 და 2 პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია იქნება. იმდენი მაინც ვქნათ, რომ განსაცდელში მყოფ მეგობარს ერთიანი რეზოლუციით დავუჭიროთ მხარი".- თქვა მან.

პარლამენტში უკრაინის შესახებ რეზოლუციას დღეს განიხილავენ. დღესვე იგეგმება ქართული ოცნების მიერ მომზადებული ვარიანტის კენჭისყრაც, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. 

ამ პროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და, ასევე, ტექსტის სათაურიც. 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტი ყველა იმ პუნქტს შეიცავს, რომელიც საჭიროა და დოკუმენტი ეხება იმას, რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია.


close დახურვა