logo
ENG



ენმ-ის წევრი ლაშა ქველაძე, რომელსაც 29 ოქტომბერს სცემეს, პოლიციამ დააკავა

04 ოქტ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის წევრი ლაშა ქველაძე, რომელსაც 29 ოქტომბერს სცემეს, დაკავებულია. 

ქველაძეს და მის მამას მარნეულში, ქართული ოცნების წინ მომხდარი ინციდენტის დროს გაუსწორდნენ. 

ადვოკატი ამბობს, რომ ეგონათ, ქველაძე პოლიციაში მისი დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით დაიბარეს. 

"ასეთი სიურპრიზი მოგვიწყვეს. დამირეკა გამომძიებელმა, თითქოსდა დაზარალებულად უნდა ეცნოთ". - თქვა ადვოკატმა. 

გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. 

ლაშა ქველაძე ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, ბოლნისში მცხოვრები არიფ იუსუფოვი კი გუშინ, 3 ოქტომბერს პოლიციაში ადვოკატთან თავისი ნებით წავიდა. გაირკვა, რომ არსებობდა მოსამართლის განჩინება მისი დაკავების თაობაზე. იუსუფოვი ამბობს, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ ბოლნისის სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში მას ქართული ოცნების კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა ფიზიკურად გაუსწორდა. მეშველიანი, თავის მხრივ, ძალადობაში იუსუფოვს ადანაშულებს. 

სექტემბრის თვის ბოლოს ბოლნისსა და მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ძალადობა - 29 სექტემბერს. ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს.  საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ისაქტივისტებს. 

მომხდარზე 2 ადამიანი დააკავეს - მარნეულის მერიის თანამშრომელი და ქართული ოცნების აქტივისტი. 

თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებულები მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვენ. მათ შორის არიან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრები. 


close დახურვა