logo
ENG



ენმ: ღარიბაშვილმა უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, ვინ აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთთან

29 მაი 202311:14
3 წუთის საკითხავი
 

 ნაციონალურ მოძრაობაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ "პუტინმა დაადასუტრა, რომ საქართველო ახორციელებდა ფარულ მოლაპარაკებებს მტერთან".

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საზოგადოებას აქვს მწვავე კითხვები, თუ ვინ აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთთან და რა დათმო ხელისუფლებამ სანაცვლოდ.

ბოკუჩავას თქმით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვალდებულია, მივიდეს პარლამენტში და ყოველწლიური ანგარიშის დროს გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს. 

"ვლადიმერ პუტინმა ამხილა რუსული ოცნება ტყუილში, როდესაც მან განაცხადა, რომ დიდი ხნის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება თავად ითხოვდა სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არწმუნებდა საქართველოს მოსახლეობას, რომ არანაირი მოლაპარაკება მტერთან არ მიმდინარეობდა. პუტინმა დაადასტურა, რომ დიახ, მიმდინარეობდა ფარული მოლაპარაკებები მტერთან და რომ მისი გადაწყვეტილება იყო საპასუხო გადაწყვეტილება, რომელიც მან პირადად მიიღო სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. 

ამ ვითარებაში, არის ძალიან მწვავე კითხვები საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, იყო ეს ერთი პიროვნება თუ წრე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომლებიც მალულად აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რა მიიღო რუსულმა ოცნებამ სანაცვლოდ, რა დათმო ხელისუფლებამ, რა იყო სხვა საკითხები, რომლებიც განიხილებოდა აღნიშნულ ფარულ მოლაპარაკებებზე, მაგალითად, განიხილებოდა თუ არა აფხაზეთის რკინიგზის, საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, რაც ვიცით, რომ ასევე ხორციელდება საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად. 

ეს არის ყველაზე მწვავე კითხვები, რომლებიც ახლა დგას დღის წესრიგში და საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც ფორმალურად ასრულებს ამ მოვალეობას, ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას გასცეს კითხვებზე პასუხები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის ვალდებულება მას გააჩნია კანონით, რომ პირველ ივნისამდე მოვიდეს პარლამენტში და წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, ასეთ მწვავე ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს უმოკლეს ვადებში, დაუყოვნებლივ და კიდევ ვიმეორებ, რაც მთავარია, ეს ანგარიში აუცილებლად წარმოადგენდეს ინფორმაციას იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავსვით: ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რა დათმო ქართულმა მხარემ და ასევე, რა სხვა საკითხები განიხილებოდა მოსკოვთან. ის, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ეს დაადასტურა თავად ვლადიმერ პუტინმა", - განაცხადა ბოკუჩავამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. პუტინის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას მოყვა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე საუბრობდა, რეალურად ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდა. კობახიძის მსგავსად, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც იგივე გაიმეორა.

***

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის. 

რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.


close დახურვა