logo
ENG



ზაურ დარგალი მარნეულის ინციდენტებზე: ენმ აქტიურად აგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს

30 სექ 202013:12
3 წუთის საკითხავი
clock 811

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა ჟურნალისტებთან საუბრისას მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარი ინციდენტები შეაფასა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა აქტიურად აგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს.

დარგალის თქმით, ოპონენტებს პროვოკაციებისგან არაფერი გამოუვათ და მათ არჩევნები წაგებული აქვთ.

"სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა აქტიურად აგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს. მათ იციან, რომ მარნეულსა და მთელი საქართველოს მასშტაბით წაგებული აქვთ არჩევნები. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ძალიან პოზიტიური წინასაარჩევნო კამპანია გვაქვს, ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, არა მარტო მარნეულში, ამის მაგალითი იყო ბოლნისიც... წელს პროვოკაციები მოწყობილია პირდაპირ ქართული ოცნების შტაბის წინ. მინდა, ყველას მივმართო, ვინც ყოველდღიურად გეგმავს პროვოკაციებს მარნეულში და არა მარტო აქ, არაფერი გამოვა", - განაცხადა დარგალმა.

მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 

თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გარდა ამისა, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.

მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMCგანაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.


close დახურვა